საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში
მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში – ე. წ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 80 პირი დაკავებულია, 14-ს კი ბრალი პენიტენციურ დაწესებულებებში და ასევე დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდებულთა შორისაა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ე.წ კანონიერი ქურდი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ე. წ ქურდული გარჩევები ძირითადად ფინანსურ დავებს ეხებოდა, მათ მიერ თანხის გადახდისთვის დადგენილი პირობებისა და ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
საქმეში დევს ფარული აუდიოჩანაწერები, ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებით სარგებლობს.