საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში

უკრაინაში ვიზიტს აფასებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა კიევიდან თბილისში. დეპუტატები ამბობენ, რომ ვიზიტის მიზანი უკრაინისათვის სოლიდარობის გამოხატვა და ასევე იმ გაუგებრობების ამოწურვა იყო, რომლებიც ბოლო პერიოდში წარმოიშვა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის. დავით სერგეენკო ამბობს, რომ საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დახურულია და თუკი დარჩა რამე საკითხი, ის პოზიტიური მოგვარების გზაზეა. „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი კი განმარტავს, რომ მისი შეფასებით, უკრაინასთან ურთიერთობის ხარისხი მეტ ჩართულობას და მეტ თანამშრომლობას მოითხოვს სახელისუფლებო ნაწილში და ამ ვიზიტმა სწორედ გადატვირთვის შესაძლებლობა გააჩინა. უკრაინაში ვიზიტი შეაფასეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც. საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინის რადას სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა და ირპენსა და ბუჩაში არსებულ მძიმე ვითარებას ადგილზე გაეცნო.