საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი დასრულებულია

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან უკვე საქართველოსკენ მოემართება. დელეგაცია უმაღლეს რადაში იმყოფებოდა. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფი უკრაინელმა კოლეგებმა მიიღეს. ირპენსა და ბუჩაში რუსეთის სისასტიკის შედეგებს ადგილზე პირადად გაეცნენ პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები. ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლება კოორდინაციაში იქნება ომის დანაშაულების გამოძიებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებში. საქართველო განაგრძობს მრავალმხრივ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რისთვისაც რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგას და საქართველოს მოსახლეობას მადლობა არაერთხელ გადაუხადა. სპიკერებმა და დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენციის შემდეგ რამდენიმე ერთობლივი ფოტო გადაიღეს. „საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთს“, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს. კიდევ ერთი სიმბოლური ჟესტი ირპინში დროშაზე გაკეთებული ერთობლივი ხელმოწერები იყო.

ვიზიტს აფასებენ თბილისში. უკრაინული მხარე დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს მხრიდან არანაირი სანქციების გვერდის ავლას და უკრაინისთვის უარყოფით სხვა არანაირ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და არც მომავალში ექნება – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“. ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმაც. მისი თქმით, ეს ვიზიტი გაამყარებს ჩვენს ხალხთა შორის ტრადიციულ მეგობრობას. განცხადებები გააკეთეს „გირჩის“ წევრებმაც.