საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება

კვოტები, დეპუტატების რაოდენობა და დელეგაციის შემადგენლობა – შიდა პოლიტიკური დაპირისპირების კიდევ ერთი თემა.

კონსულტაციების, ურთიერთბრალდებების და დავის შემდეგ გადაწყდა, რომ კიევში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრება, თუმცა არასრული შემადგენლობით. თავდაპირველად ოპოზიციისთვის დელეგაციაში სამი კვოტის შეთავაზების და მძიმე საპასუხო რეაქციის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია შეცვალა და უკრაინაში წასვლა ყველა ოპოზიციურ ჯგუფს შესთავაზა. ოპონენტთა უმრავლესობისთვის ეს ნაბიჯი მისაღები აღმოჩნდა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელმაც სამძიმრის სათქმელად და მხარდაჭერის გამოსახატად მიმავალ მრავალპარტიულ დელეგაციაში ყოფნაზე მაინც უარი თქვა. გადაწყვეტილება ოპოზიციის რიგებშიც კი გაუგებარია. საორგანიზაციო საკითხები ზუსტდება. სავარაუდოდ, ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში უახლოეს დღეებში შედგება.