მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია ლიდერობს – ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად, პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ ხმათა 50.16 პროცენტი აქვს. მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს – 24.19 პროცენტით. ბარიერი გადალახეს საარჩევნო ბლოკმა „ალტერნატივამ“, „ჩვენმა პარტიამ“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმამ“.
წინასწარი ინფორმაციით, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს – 52 მანდატით. „პატრიოტულ ბლოკს“ 28 დეპუტატი ეყოლება, ბლოკ „ალტერნატივას“ – ცხრა, ხოლო „ჩვენი პარტია“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმა“ პარლამენტში ექვს-ექვსი მანდატით შევლენ.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა. დღის განმავლობაში გავრცელდა ცნობები კენჭისყრის ჩაშლის მცდელობების შესახებ, მათ შორის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევებისა და მთელი დღის განმავლობაში მოლდოვასა და მის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნების დანაღმვისა და ბომბის აფეთქების ცრუ მუქარის თაობაზე.