საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

უკვე მე-14 დღეა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობამ ორივე მხარეს 5 ათასს გადააჭარბა. ისრაელი განაგრძობს ღაზაში „ჰამასის“ ობიექტების დაბომბვას. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს ღაზას სექტორში საჰაერო იერიში 100-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროებთან შეტაკებისას ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კი ღაზის საზღვართან, გოლანის ბრიგადასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ისრაელი სასტიკ დარტყმას მიაყენებს მტერს“. გავრცელებული ინფორმაციით, ბლოკირებულ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთისთვის გამშვები პუნქტი ეგვიპტიდან დღეს უნდა გაიხსნას.