საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ რთულია – ისრაელის არმიის ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ და არაბული ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიების დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ტანკები ზაიტუნის გარეუბანში შენიშნეს, რომლებიც ცეცხლს უხსნიან გზაზე მოძრავ ავტომობილებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის სამხედროებსა და ადგილობრივ სამხედრო დაჯგუფებებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

პალესტინელებმა „ალ-ჯაზირას“ განუცხადეს, რომ ისრაელის ტანკები ღაზის სექტორს ორ ნაწილად ჰყოფს. პარალელურად, ღაზის სექტორიდან დაიბომბა ისრაელის ტერიტორია. ისრაელის მედიის ინფორმაციით, არაბული ანკლავიდან ნასროლი რაკეტა სამხრეთში მდებარე ქალაქ ნეტივოტში საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამ მიმართულებით ისროლეს 30 რაკეტა. უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. გარდა ამისა, ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა – ეს ინფორმაცია დანიელ ჰაგარმა გაავრცელა. მისი თქმით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელმა „ჰამასის“ 600 ობიექტს დაარტყა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ცნობით, ისრაელი ეტაპობრივად აფართოებს სახმელეთო მოქმედებებს ღაზაში. რაც შეეხება „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებს, ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ მძევლების რაოდენობა 239-მდე გაიზარდა.

პარალელურად, პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის სამხედროებმა არაერთხელ დაბომბეს ჩრდილოეთ ღაზაში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, რამაც ზიანი მიაყენა და საფრთხე შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას. „ჰამასის“ ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო დაბომბვის შემდეგ ღაზაში 8 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.