საომარი მოქმედებების 61-ე დღე უკრაინაში

უკრაინის დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში აღდგომის დღესასწაულზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. არსებული ცნობით, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს მთელი სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

24 თებერვლიდან დონეცკის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მოქმედების შედეგად, რეგიონის 266 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 840 კი დაშავდა. აღდგომის ღამეს საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ ხარკოვის რაიონებს, თავად აღდგომას კი ესროდნენ რეგიონის ზოლოჩევსკისა და ჩუგუევსკის რაიონებს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. საპასუხოდ, 24 აპრილს უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შვიდი შეტევა მოიგერია. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის ტანკები, საარტილერიო სისტემები, ჯავშანტექნიკა, უპილოტო თვითმფრინავები და სამხედრო ავტომობილები გაანადგურეს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ხერსონის ოლქიდან კრივოი-როგზე ამზადებენ თავდასხმას.