საომარი მოქმედებების 61-ე დღე უკრაინაში

ომის 61-ე დღე – საოკუპაციო ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად, ლვოვის რეგიონში „კრასნოეს“ სარკინიგზო გამწევ ქვესადგურზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა მაქსიმ კოზიცკიმტელეგრამზე“ დაწერა. მისივე ცნობით, ერთი რაკეტა ლვოვის რეგიონში უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს. კოზიცკის თქმით, რაკეტები ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, „ტუ-95“-ის ტიპის თვითმფრინავებიდან ისროლეს. 25 აპრილს, დილით, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

არსებული ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე სარკინიგზო სადგური დაბომბეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო ცნობების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ ძალიან მცირე წარმატებას მიაღწია მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, შეტევის ფოკუსი დონბასის სრულ ოკუპაციაზე გადაეტანა. საჭირო ლოგისტიკური და საბრძოლო მხარდაჭერის გარეშე ხელშესახებ გარღვევაზე საუბარი შეუძლებელია. არსებული ცნობებით, უკრაინის დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში აღდგომის დღესასწაულზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. საოკუპაციო ჯარებმა ცეცხლი გახსნეს მთელი სადემარკაციო ხაზის გასწვრივ. აღდგომის ღამეს საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ ხარკოვის რაიონებს, თავად აღდგომას კი ესროდნენ რეგიონის ზოლოჩევსკისა და ჩუგუევსკის რაიონებს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

24 აპრილს უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შვიდი შეტევა მოიგერია. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ხერსონის ოლქიდან კრივოი-როგზე ამზადებენ თავდასხმას. მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაზე ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებები მარიუპოლში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა შეწყდეს.