საომარი მოქმედებები უკრაინაში - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის განსაკუთრებული ასპექტია. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენთვის, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნისთვის, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გზა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას გაამყარებს.​ უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას და იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რასაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ინიციატივისთვის, მარიუპოლში თავად ჩაიტანოს ჰუმანიტარული ტვირთი. პრეზიდენტის თქმით, რუსების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში არაადამიანურ პირობებში რჩება 100 ათასი მოქალაქე.

უკრაინის პრეზიდენტმა რუს სამხედროებსაც მიმართა. „მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა ეს დანაშაულია და თქვენ ამის გამო პასუხს აგებთ. დღეს თუ ხვალ, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ ეს პასუხისგება გარდაუვალია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.