საომარი მოქმედებები უკრაინაში - ომის 170-ე დღე

ოკუპირებული ხერსონის ოლქში, ნოვოკახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქებები მოხდა. რუსული მხარე იუწყება, რომ თავდასხმა უკრაინის მხრიდან ჰაიმარსებიდან განხორციელდა. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ქალაქს ხუთი რაკეტა ესროლეს. თუმცა არავინ დაშავებულა. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია შეტევას ცდილობდა ქალაქ ბახმუტისა და მარინკის მიმართულებით, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია და უკან დაიხია.

ბრძოლა გრძელდება დასახლებულ პუნქტ პესკისთან და ასევე კოდემასთან. ამასთან, უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ მტერს გარკვეული წინსვლა ჰქონდა გორლოვკა-ზაიცევოს მიმართულებით. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ავდეევკის მახლობლად. რუსეთის არმია ცეცხლს ხსნიდა ქალაქ სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებითაც. ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ გუშინდელი ღამე რთული იყო ხერსონშიც, სადაც ისმოდა აფეთქებების ხმა. ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ქალაქში ჩხრეკა ჩაატარეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.