საომარი მოქმედებები უკრაინაში - 96-ე დღე

დონბასში უკრაინისა და რუსეთის ჯარებს შორის მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ოკუპანტები ქალაქ სევეროდონეცკის გარეუბნებში შევიდნენ. აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება ქალაქ ლისიჩანსკშიც. რუსი სამხედროების გადაადგილება შეინიშნება ქალაქ ლიმანთან, სადაც არმიის ნაწილები გადაჯგუფებას ახდენენ და სლავიანსკზე შეტევისთვის ემზადებიან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში 14 თავდასხმა მოიგერიეს. ბრძოლები კიდევ სამ რაიონში გრძელდება. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის მთელი ხაზის გასწვრივ იყენებენ სამხედრო თვითმფრინავებს, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს, მსხვილკალიბრიან არტილერიას, ტანკებს, ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და საცხოვრებელ ადგილებს.

რუსმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 46 დასახლება დაბომბეს, გაანადგურეს და დააზიანეს 62 სამოქალაქო ობიექტი: 59 საცხოვრებელი კორპუსი, ელექტროქვესადგური და კულტურული ცენტრი. თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა. უკრაინული მედია წერს, რომ სამხედროებმა კრივოიროგის სამხრეთით კონტრშეტევა განახორციელეს და ოკუპანტების ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.