საომარი მოქმედებები უკრაინაში - 94-ე დღე

უკრაინაში აგრესიის 94-ე დღეს, რუსეთი ძირითად ბრძოლებს ქვეყნის აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში, დონბასის რეგიონში და ხარკოვის რაიონში აწარმოებს. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსებს სევეროდონეცკის სრული ოკუპირება არ მოუხდენიათ და ბრძოლები ქალაქის მიდამოებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა, უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ სრულად დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ლიმანი. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსებმა გასულ ღამეს ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და ოთხი დაჭრეს. აქტიურად მიმდინარეობს დონბასისა და ხარკოვის რაიონის საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვებიც. დაიბომბა სუმის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტიც. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში მტრის რვა შეტევა მოიგერიეს და გაანადგურეს ხუთი ტანკი, ათი ჯავშანტრანსპორტიორი და ოთხი სამხედრო ავტომანქანა. ასევე, უკრაინის ძალების ტაქტიკურმა ჯგუფმა ერთი ბომბდამშენი, ერთი ვერტმფრენი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გაერო-ში აცხადებენ, რომ რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში 4 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 4 700-ზე მეტი დაშავდა. ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ 6 მილიონ 700 ათასმა ადამიანმა დატოვა, რომელთა უმეტესობა, 3,5 მილიონი პოლონეთში გადავიდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონბასში სიტუაცია რთულია და რუსები ცდილობენ, თავიანთ მიზნებს ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ.