საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-დღე

რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაბომბვას უკრაინის ლუგანსკის ოლქში სამი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები სლავიანსკზე და სევეროდონეცკზე შეტევისთვის ემზადებიან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არმიის გენშტაბში გამოავლინეს რუსეთის აგენტი, რომელიც ამჟამად დაკავებულია. უკრაინული მედია წერს, რომ საბრძოლო მოქმედებები იზიუმშიც მიმდინარეობს. ამასთან, ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ხელმძღვანელებს ნიშნავენ და საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენენ, რომ საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია აღიარონ.

საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთში. დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის ათი შეტევა მოიგერია. უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ტანკები, საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.