საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. არსებული ცნობით, ბელორუსის ტერიტორიიდან რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი ბომბდამშენი აფრინდა. ასევე, რუსეთმა, აზოვისა და შავ ზღვებში შეიყვანა ხუთი საბრძოლო გემი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები ათ დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია მობილიზებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე და ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ავდეევკის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.

ღამით რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს ნიკოპოლი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

თავის მხრივ, უკრაინის არმიამ შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს მიმართულებით. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლული და დაჭრილია 250-ზე მეტი რუსი სამხედრო. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 12 დარტყმა განახორციელეს რუსი სამხედროების კონცენტრაციის უბნებზე და მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო სისტემები დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლსა და ქალაქის მიმდებარე რაიონებში გაისმა აფეთქებების ხმა.