საომარი მოქმედებები უკრაინაში

200 დღე უკრაინაში ომის დაწყებიდან. უკრაინის არმია რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევას ახორციელებს – ხარკოვის 40 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია. ამ ინფორმაციას ოლქის ხელმძღვანელი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კონტრშეტევის გამო, რუსები ლუგანსკის ოლქს მასობრივად ტოვებენ. საპასუხოდ რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვის თბოელექტროსადგური დაბომბეს, დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი დაშავებულია. ხარკოვი და რამდენიმე რეგიონი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

თბოელექტროსადგურის დაბომვას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. „ჩვენ გვექნება გაზი, სინათლე, წყალი და საკვები და რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით – თქვენ გარეშე, – განაცხადა ზელენსკიმ. სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეშიც, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.