საომარი მოქმედებები უკრაინაში

მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად, შესაძლოა, 300-მდე ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს და გასულ კვირას რუსეთის სამხედრო ავიაციის ქმედებას ეხმაურება.
კიევში აცხადებენ, რომ მარიუპოლთან კომუნიკაცია რთულია, რის გამოც, მსხვერპლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად 135 ბავშვი გარდაიცვალა, 184 დაშავდა და 4 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებულად ითვლება. ასეთია „იუნისეფის“ მონაცემი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ იმ მოზარდებიდან, რომლებიც საცხოვრების გარეშე დარჩნენ, მილიონ 800 ათას ქვეყნის დატოვება მოუწია. ერთ თვეა საომარი მოქმედები გრძელდება. უწყვეტად ისმის აფეთქებების და სროლების ხმა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები კიევის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგის 12 ტანკი, რამდენიმე თვითმფრინავი და 300 სამხედრო გაანადგურეს. მათი ცნობით, ძირითადი ბრძოლები ბარიშევსკში, გოსტომელსა და ირპენში მიმდინარეობდა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევთან ახლოს მდებარე სოფელ ლუკიანოვკი გათავისუფლეს. ღამის განმავლობაში რუსებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონი დაბომბეს. ერთ-ერთი ბომბი საევაკუაციო მატარებელთან ახლოს ჩამოვარდა. დაზიანდა სამი ვაგონი. გრძელდება შეტევები ქალაქ იზიუმში, დანგრეულია შენობების უმრავლესობა. ბრძოლები მიმდინარეობდა ლუგანსკის ოლქში, სადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, კიევის ალყაში მოქცევის მიზნით, რუსეთი ბორისპოლსა და ბროვარზე გეგმავს შეტევების განახლებას. ამასთან, გენერალურმა შტაბმა დაადასტურა გასულ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, ბერდიანსკის პორტში რუსეთის დიდი სადესანტო გემის „სარატოვის“ განადგურების შესახებ, რომელზეც, 20 ტანკი, 45 ჯავშან-ტრანსპორტი და 400 საზღვაო ქვეითი იმყოფებოდა. უკრაინის იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა რუსეთის ორი დიდი სადესანტო გემი. გრძელდება ბრძოლები ჩერნიგოვსა და ნიკოლაევში. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ქალაქ ჩერნიგოვში რუსეთის აგრესიას 200 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ნიკოლაევში კი გასულ ღამეს სამი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ურთულესი მდგომარეობაა ქალაქ მარიუოპოლში. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო დაღუპულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს ხერსონის და ხარკოვის ოლქებშიც.