საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინულ ქალაქებზე შეტევას განაგრძობენ – ომის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. ცოტა ხნის წინ აფეთქების ხმა გაისმა ლვოვში, გავრცელებული ცნობით, რუსულმა ძალებმა აეროპორტის ტერიტორიაზე ჭურვი ჩააგდეს. სევეროდონეცკში საოკუპაციო ძალებმა თავშესაფარი დაბომბეს, სადაც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ.

ლუგანსკის სამხედრო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ შენობაში მყოფი პირები ამჟამად უსაფრთხოდ არიან. ხანძარი იყო ხარკოვში, ბარაბაშოვოს ბაზარში. ცეცხლი ჭურვის დაცემის შემდეგ გაჩნდა და მიმდებარედ საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა. დაიღუპა ერთი მაშველი, კიდევ ერთმა კი დაზიანება მიიღო. დაბომბვების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა სვიატოშინსკის რაიონში. ჭურვები დაეცა ავტომობილებს. ვიშგოროდის რაიონში საარტილერიო ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუხსნეს. შედეგად კორპუსი ჩამოინგრა. დაიღუპა ორი წლის ბავშვი, ოთხ ადამიანს კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვს მიღებული.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ისკანდერის სარაკეტო კომპლექსისა და კალიბრის ფრთოსანი რაკეტების მარაგები ამოწურეს, რის გამოც, ახლა სხვადასხვა შეიარაღებიდან უმისამართოდ ისვრიან. ასევე, გენშტაბის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს რუსულ დანაყოფებს, მათ შორის ხარკოვსა და იზიუმში. განადგურებულია მოწინააღმდეგის შემადგენლობისა და ტექნიკის 30%. რუსული ძალები დანაკარგების შევსებას უცხოელი დაქირავებული მებრძოლების ხარჯზე ცდილობენ. მათ რიგებში სირიის შეიარაღებული ძალებისა და ჰეზბოლას უკვე ათასამდე მებრძოლი ირიცხება. სუმისა და ხარკოვის მიმართულებით რუსეთი საბრძოლო მარაგების შევსებას ცდილობს, დონეცკისა და ლუგანსკის მხარეს კი მარიუპოლის მიდამოებსა და სევეროდონეცკიზე იერიშისთვის ემზადება.

ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, გასულ დღეს მარიუპოლიდან 2 000, კიევის ოლქიდან კი – 1 800 ადამიანი გაიყვანეს. ამავე დასახლებულ პუნქტებში 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა, მათ შორის მედიკამენტები და საკვები.