საომარი მოქმედებები უკრაინაში - 152-ე დღე

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსეთმა კრამატორსკის, ნიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონები დაბომბა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპანტებმა სარაკეტო და საარტილერიო სისტემებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიიტანეს იერიში. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში რამდენიმე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე კონტროლი დაამყარეს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმიის ნაწილებს დანაკარგები აქვთ, თუმცა კვლავ ცდილობენ უგლეგორსკის თბოსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას. რუსული ჯარები წინსვლას ცდილობდნენ ასევე ხერსონის რაიონში, მაგრამ ზარალი განიცადეს და ქაოტურად უკან დაიხიეს.

უკრაინელმა სამხედროებმა ხმელნიცკის რაიონის წინააღმდეგ ნასროლი ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.