საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ახტირკაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში უკრაინის არმიამ რუსეთის ოთხი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი ჩამოაგდო. კიევის რეგიონის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე მტრის „სუ-35“, „სუ-34“ და „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავების ჯგუფი ცდილობდა, სარაკეტო დარტყმა მიეყენებინა უკრაინელი სამხედროების თავდაცვით უბნებზე, თუმცა, საპასუხოდ უკრაინელმა სამხედროებმა საზენიტო რაკეტები ესროლეს.

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულვებელყოფით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას და ბელარუსის ტერიტორიიდან ისევ გრძელდება „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების გაშვება.