საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების მე-17 დღეს რაფას გამშვები პუნქტიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 14 სატვირთო მანქანა შევიდა. პალესტინის სასაზღვრო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სატვირთო მანქანებს გადაჰქონდათ საკვები და მედიკამენტები ღაზისთვის.

ისრაელის სამხედროების ცნობით, მათმა თვითმფრინავმა დაარტყა ჰეზბოლას ორ უჯრედს ლიბანში, რომლებიც აპირებდნენ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვებას ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ათობით საჰაერო დარტყმა განახორციელეს „ჰამასის“ ობიექტებზე. პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ღაზის სექტორში ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ბევრი დაღუპული და დაშავებულია“.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში 5 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ათასამდე ბავშვია.