საოკუპაციო ძალებმა 50-მდე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქში

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 50-მდე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქში, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. 11 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს გოსტომელში, ერთ-ერთ სარდაფში ადგილობრივებმა. მარიუპოლში კი ბავშვთა საავადმყოფო დაიბომბა, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. როგორც უკრაინელების, ისე დასავლეთის თავდაცვის უწყებების ინფორმაციით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის დაკავებისკენ მიმართავს საკუთარ ძალისხმევას. ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ძირითადი ბრძოლები ლუგანსკის რეგიონში მიმდინარეობს, სადაც უკრაინის ძალებმა ქალაქ კრემენაიასთან რუსეთის შეტევა უკუაგდეს და რუსეთის ძალებს 10 კილომეტრით დაახევინეს უკან. ბრძოლები გრძელდება მარიუპოლში და ხერსონშიც. საოკუპაციო ძალებმა იერიში განაახლეს რუბეჟნოეს და ნიჟნის მიმართულებით. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსები იზიუმიდან კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებით მიიღწევიან. ზაპოროჟიეში უკრაინელებმა რუსეთის სამი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. ხერსონში კი საარტილერიო დანაყოფი გაანადგურეს. ამასთან, ხარკოვში განადგურებულ იქნა რუსეთის არმიის მომმარაგებელი პუნქტი. პარალელურად, „წითელი ჯვრის“ კომიტეტმა მარიუპოლიდან ჰუმანიტარული ევაკუაცია განახორციელა. ქალაქიდან 1 200-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, ბერდიანსკი დატოვა 3 600-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ. გართულებულია ევაკუაცია ლუგანსკის ოლქიდან, საიდანაც ინტენსიური ბრძოლების გამო, დღეს მხოლოდ 15 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.