სანქციები რუსული ნავთობის იმპორტზე

ევროკავშირის ქვეყნები სავარაუდოდ კომპრომისზე მუშაობენ, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე სანქციების დაწესება შეძლონ. მიზანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის მიღებაა,– ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემა წერს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უნგრელმა ლიდერმა რუსული ნედლი ნავთობისა და რაფინირებული საწვავის იმპორტის აკრძალვის შესახებ შეთანხმებამ იმ მოტივით დაბლოკა, რომ ასეთი ქმედება მძიმე დარტყმას მიაყენებდა უნგრეთის ეკონომიკას. არსებული ცნობებით, ახლა დიპლომატები განიხილავენ ვარიანტს, რომელიც შეამსუბუქებს თავდაპირველ წინადადებას რუსული ნავთობის ყოველგვარი იმპორტის სრული აკრძალვის თაობაზე და ამის ნაცვლად დროებით მაინც, მხოლოდ საზღვაო ხომალდებით მიწოდებულ მარაგებზე გამახვილდება ყურადღება. ეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე უნგრეთს მისცემს საშუალებას, განაგრძოს რუსული ნედლი ნავთობის ყიდვა მილსადენებით. როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი დიპლომატის თქმით, ნებისმიერი კომპრომისული გეგმა დეტალებზე იქნება დამოკიდებული და ნებისმიერი გამონაკლისი უნდა იყოს „რაც შეიძლება ვიწრო და ზუსტი“ შეთანხმების მისაღებად. ამ მიმართულებით, სანავთობო ემბარგოდან მილსადენების „გათავისუფლება“ ნიშნავს, რომ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ქვეყნები „აიღებენ საკუთარ თავზე ენერგეტიკული სანქციების ზემოქმედების სიმძიმეს“. გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე ევროკავშირის შეთავაზებაა, რომ მოხდეს რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობის იმპორტის შეზღუდვა, ხოლო მილსადენების გამოყენებით, ენერგოპროდუქტების იმპორტს ჯერჯერობით ცვლილებები არ შეეხოს, რომ უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიონ.

დატოვე კომენტარი