სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია

კარიერაში პირველად, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში 31 წლის ქართველმა ფრანგი მეტოქე დამაჯერებლად – 15:9 დაამარცხა. სანდროსთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს მესამე მედალი იყო. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2023 წელს ვერცხლს დაეუფლა. ქართველი მოფარიკავე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ კი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. შეჯიბრებას მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს. ტურნირში 120 ქვეყნის 1205 მოფარიკავე მონაწილეობს.