კარიერაში პირველად, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში 31 წლის ქართველმა ფრანგი მეტოქე დამაჯერებლად – 15:9 დაამარცხა. ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს. მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრნენ. აღნიშნული ტიტულის მოპოვებისთვის, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. თავის მხრივ, ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს საპატიო მედლები გადასცა.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს. შეჯიბრება „თბილისი არენზე“ მიმდინარეობს. ტურნირში 120 ქვეყნის 1205 მოფარიკავე მონაწილეობს.