სამუშაო შეხვედრა ფემიციდის პრევენციის შესახებ

ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის განცხადებით, ახლა მთავარი არა კანონის გამკაცრება, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. როგორც ცნობილია, ბოლო ორ თვეში ოჯახის წევრის მიერ მოკლულია რვა ქალი.

მთავრობის მეთაურის დავალებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანია დაიწყო, რომელშიც სახელმწიფო უწყებები ჩაერთვებიან.

დღესვე, მთავრობის ადმინისტრაციაში, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა.