სამშენებლო კომპანიის დირექტორების დაკავება
დაკავებულები არიან სამშენებლო კომპანიის ყოფილი და მოქმედი დირექტორები, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისეს. ირკვევა, რომ ასზე მეტ მომავალ მესაკუთრეს ქუთაისში საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და დაახლოებით ორ მილიონ დოლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.