ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება გრძელდება – ღამის განმავლობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით საპასუხო სარაკეტო იერიშების სერია ოთხჯერ განახორციელა. შედეგად, დაღუპულია სულ მცირე ორი და დაშავებულია 70-ზე მეტი პირი. მათ უმეტესობას საშუალო ან მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ირანმა ისრაელს 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ გაანადგურა, მცირე ნაწილი და განადგურებული რაკეტების ფრაგმენტები კი ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც ინფრასტრუქტურული ზიანიც გამოიწვია.
ღამის განმავლობაში, საჰაერო განგაშის ამოქმედების გამო, ისრაელის მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლა რამდენჯერმე მოუწია. თავის მხრივ, ღამის განმავლობაში, საავიაციო დარტყმები მიიტანა ისრაელმა ირანის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და საჰაერო ბაზებზე, რის შედეგადაც განადგურებულია თავრიზის საჰაერო ბაზა, ზიანი მიადგა ჰამადანის ბაზასაც, რომელსაც ისრაელის ცნობით, თეირანი სარაკეტო და დრონებით ოპერაციების განსახორციელებლად იყენებდა. ხანძარი და დაკვამლიანება იყო თეირანის საერთაშორისო აეროპორტშიც.
ირანული მხარის ცნობით, ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად, საერთო ჯამში დაღუპულია სულ მცირე 78 და დაშავებულია 300-ზე მეტი პირი. გავრცელდა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვიდეომიმართვაც, სადაც ხამენეი ისრაელს ჰპირდება, რომ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო, პასუხს აგებს.