სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ

ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებასთან ერთად, ირანული თავდასხმის სამიზნე გახდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. კატარში, ქუვეითში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აფეთქებების ხმა გაისმა. გავრცელებული ცნობით, ბაჰრეინში აფეთქება მოხდა იქ, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის შტაბია განთავსებული. ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადავიდნენ უახლოეს უსაფრთხო ადგილას. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი რაკეტის განეიტრალების შედეგად ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიღუპა. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. ირანი ახლო აღმოსავლეთში უპრეცედენტო თავდასხმას ახორციელებს. როგორც ჩანს, ის აშშ-ის სამიზნეებზე დარტყმას ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების დროს აშშ ირანისგან ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრების შეწყვეტას ითხოვდა. დონალდ ტრამპი კვირების განმავლობაში სამხედრო დარტყმებით იმუქრებოდა. ამის ფონზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში 2003 წლის ერაყის ომის შემდეგ აშშ-ის ყველაზე მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია მოხდა. დაძაბულობის დროს შტატებმა და ისრაელმა რეგიონში 500-ზე მეტ სამხედრო თვითმფრინავს მოუყარეს თავი. ახლო აღმოსავლეთში იმყოფება აშშ-ის ორი ავიამზიდიც.