„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება

„სამართლიანმა არჩევნებმა“, ნაცვლად იმისა, რომ გამოაქვეყნოს უბნების სია, სადაც პარალელური დათვლა ჩაატარა, „განცდებზე“ დაფუძნებულ დასკვნას აქვეყნებს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ცესკო-ში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ცესკო-ში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ნაჩქარევად მიიჩნევს, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნები“ განცხადებას ავრცელებს. რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 5-მარტიდან – 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება, – წერია განცხადებაში.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკო-ს სრულად დაკომპლექტებამდე. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებისთვის ცესკო-ში ამ დრომდე არ უპასუხიათ.