სახალხო დამცველის განცხადება
სახალხო დამცველი ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარის მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას და მოუწოდებს მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახალხო დამცველის რწმუნებულების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება. განცხადებაში ვკითხულობთ: „მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს. დოკუმენტურად დასტურდება (პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი), რომ გიორგი დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას თავის ადვოკატთან გაივლიდა.
როგორც არაერთხელ განიმარტა, სახალხო დამცველის აპარატმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, გიორგი დავითაძის უფლებების დასაცავად ყველა საჭირო მოქმედება განახორციელა. აპარატის მიმართვის საფუძველზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომლის მონიტორინგის პროცესი დღემდე გრძელდება. სახალხო დამცველის რწმუნებულებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელია და არ ემსახურება არც კონკრეტული პატიმრის და არც სხვა პატიმრების კანონიერი უფლებების დაცვის ინტერესებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.