სახალხო დამცველის განცხადება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში სახალხო დამცველი მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევაში არ ჩაერთვება, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

ომბუდსმენის წერილში ვკითხულობთ – საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და არასამთავრობო სექტორის ყველაზე პრინციპული მოსაზრებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას შეეხებოდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელიც წარადგინა, თუმცა ახალარჩეული მოსამართლეების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, სარჩელის განხილვის წინ ახალი მოსამართლე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე და მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საპასუხო განცხადება მმართველ გუნდში უკვე გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, განხილვაში მონაწილეობაზე ოპოზიციამაც უარი განაცხადა.

დატოვე კომენტარი