სახალხო დამცველის ანგარიში

ნინო ლომჯარიას საპარლამენტო გამოსვლა – სახალხო დამცველს დეპუტატები დაახლოებით რვა საათის განმავლობაში უსმენდნენ. ეს ომბუდსმენის რანგში ლომჯარიას ბოლო ანგარიში იყო, მას ვადა დეკემბერში ეწურება. გამოსვლამ ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა, მწვავე შეკითხვების ავტორები ძირითადად „ქართული ოცნების“ დეპუტატები იყვნენ.

მმართველი გუნდის წევრებმა ომბუდსმენს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული ყველა კრიტიკული განცხადება გაახსენეს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ნინო ლომჯარიამ ხუთი წლის განმავლობაში, ომბუდსმენის აპარატის საქმიანობაში სიახლე ვერ შეიტანა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა ისიც, რომ როდესაც ხელისუფლება სახალხო დამცველის აპარატის ხარვეზებზე საუბრობს, ეს თავდასხმად არ უნდა იყოს აღქმული.