უახლოეს მომავალში აქციის მონაწილის მხრიდან დემონსტრაციებზე ნიღბის გამოყენება, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, ცრემლსადენი ან სხვა მომწამვლელი ნივთიერების ქონა, პირველივე შემთხვევაში, 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. თუ კანონდამრღვევი, პარალელურად, აქციის ორგანიზატორიც იქნება, მას ციხეში 20 დღის გატარება მოუწევს. ახალ გამკაცრებულ რეგულაციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი ის ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი უკვე დაუჭირეს.
დაგეგმილი ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლიც ემატება, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ პირს დაეკისრება, რომელიც სამართალდამცავს შეურაცხყოფას მესამედ მიაყენებს ან მის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება. ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში, აქციის მონაწილეს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. განმეორებითი კანონდარღვევა კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა კი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. ასევე ორი თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება დემონსტრანტს, რომელსაც საპროტესტო აქციაზე იარაღი, პიროტექნიკა ან ისეთი ნივთი ექნება, რომელმაც შესაძლოა სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.
საკითხის მომხსენებლის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, მოქმედი კანონით გათვალისწინებულმა ჯარიმებმა არ იმუშავა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულის პრევენციის მიზნით რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირას სამივე მოსმენით დაამტკიცებს.