პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონებს მკაცრად აკრიტიკებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილმა რეპრესიულ დოკუმენტებს მოაწერა ხელი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებულად, ცხრა დღეში მიიღო. მისივე განცხადებით, „ცვლილება საარჩევნო კოდექსში – „ქართული ოცნებამ“ მორიგ ჯერზე მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა ვიწროპარტიულ ინტერესებს. ამის მიზანი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნაა. ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას.“ – წერს ქურდოვანიძე.
მისივე განცხადებით, ხელმოწერილი ცვლილებებით ასევე მარტივდება რეორგანიზაციის პროცესი და მისი პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენება. საჯარო მოხელის დაცვის გარანტიები, მათ შორის, სასამართლოს მეშვეობით, სუსტდება; ქურდოვანიძის თქმით, აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით. თუ ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15 000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ჯარიმის ნაცვლად, შეიძლება გამოყენებული იყოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც; მისივე განცხადებით, ნებადართული ხდება პრევენციული დაკავება.