საია-ს ანგარიში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების ხარვეზებზე ანგარიში მოამზადა. ამჯერად იურისტები სასამართლო პროცესების გონივრულ ვადაში განხორციელებული ხარვეზებით დაინტერესდნენ. იურისტებმა ამ დოკუმენტის მომზადებისთვის 2744 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელეს.

ანგარიშში ნათქვამია, სასამართლო პროცესების დიდი ნაწილი საქმის დაწყებისთანავე გადაიდო. იურისტები ასევე საუბრობენ საქმეებზე, რომლებიც მათი თქმით, წლებია გრძელდება, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. საუბარია გახმაურებულ პროცესებზე, მათ შორის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესა და ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეებზე.

საია-ში ამბობენ, რომ პროცესების განგებ გაჭიანურების ეჭვი ჩნდება, რადგან იგივე სასამართლო დაჩქარებულად და ფორსირებულად განიხილავდა ჯაფარიძე-ხაზარაძისა და „რუსთავის 2“-ის საქმეებს.