საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია
საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც გაერო-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა. დოკუმენტი საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მოწინავე ქვეყნების წარმატებულ პრაქტიკას დაეფუძნა. სტრატეგიის მიზანია 2030 წლისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაჩვენებლის სულ მცირე 25 პროცენტით შემცირება. საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად შეიქმნება ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა და როგორც ქალაქებში, ისე სხვა კატეგორიის საავტომობილო გზებზე, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები დაინერგება. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება ე.წ. სიჩქარის მენეჯმენტის საკითხს.
სტრატეგიული ხედვა მოიცავს ინტერვენციებს არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილების, საჭესთან ყურადღების გაფანტვის, პასიური უსაფრთხოების სისტემების, მათ შორის, უსაფრთხოების ღვედისა და საბავშვო სავარძლის გამოყენების, აგრეთვე მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებების რეგულირების საკითხებს. გათვალისწინებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის გაუმჯობესების მიზნით სათანადო სოციალური კამპანიის ჩატარება. სტრატეგია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სასკოლო ზონების რეგულირებას არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე საგზაო აუდიტისა და ინსპექტირების არეალის გაფართოებას. დოკუმენტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა არსებული ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების გაუმჯობესება. მათ შორის, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შემდგომი განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება.