საგანგებო ვითარება ბელარუსის საზღვართან

 მიგრაციული კრიზისი მწვავდება – ლატვიის შემდეგ, ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა პოლონეთმაც გამოაცხადა. ოფიციალური ვარშავა საგანგებო რეჟიმის დაწესებას ბელარუსიდან მიგრანტების მზარდი ნაკადით და რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნით ხსნის.

ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს მიგრაციის წახალისებაში ადანაშაულებს. მინსკს ბრიუსელიდან მორიგი სანქციების დაწესება ემუქრება. საკუთარი ქვეყნებიდან შეიარაღებულ კონფლიქტებსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს გაქცეული პირები კი ბელარუსისა და ევროკავშირის საზღვარზე მინსკისა და ბრიუსელის დაპირისპირების ეპიცენტრში იმყოფებიან.