საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები სანდრო ცნობილაძის სახლში
სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების ცნობით, გამოძიება დაზარალებული ქალის მიმართვის საფუძველზე 157-ე მუხლით მიმდინარეობს, საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვებას.
 გარდა ამისა, გამომძიებლის თქმით, „მეტადან“ მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ექაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. სამართალდამცველების მიერ წაღებულია სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დისკები და კასეტები. ჩხრეკას სანდრო ცნობილაძე ადვოკატთან ერთად ესწრებოდა. ისინი აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებში ცნობილაძის აქტიურ ჩართულობას უკავშირებენ.