„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე – ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალები განიხილეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მოუსმინეს მოკლული ახალგაზრდების მშობლებს – მიხეილ ართმელაძესა და ოთარ სურმანიძეს. მათი თქმით, უდანაშაულო შვილები კუდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დათა ახალაიამ და მისმა ხელქვეითმა, გიორგი დგებუაძემ, იგივე მასტერამ მოუკლეს და ამ პროცესში ძალოვანი უწყების სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათ 2006 წელს განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად გაიხსენეს.
მათივე თქმით, მოკლული შვილების დაკრძალვის შემდეგ, მათ ოჯახებზე ზეწოლა და მუქარა გაძლიერდა და დამნაშავეები პასუხისგებაში მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ხელახალი გამოძიების შედეგად მიეცნენ.