წინა ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას აგრძელებს. ბოლო სამი დღის განმავლობაში კომისიის მთავარი ინტერესი აგვისტოს ომსა და მის წინა პერიოდს ეხებოდა. გამოკითხეს ყოფილი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, ამ პროცესში მთავარი სწორედ 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასებაა. თუმცა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კომისიის კვლევის სფერო მხოლოდ ეს პერიოდი არ იქნება და მუშაობის პროცესი 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეეხება.
„ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ სწორედ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დაუდოს საფუძვლად საკონსტიტუციო სარჩელსაც, რომლითაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვენ.