პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა – მომზადებულია 430-გვერდიანი დოკუმენტი, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ და მისი ზუსტი შინაარსიც სწორედ ერთ თვეში გაირკვევა. თუმცა, წინასწარ ცნობილია, თუ რა აქცენტები კეთდება. დღევანდელ სხდომაზე ხაზგასმით ითქვა, რომ დოკუმენტში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, ციხეებში არსებული მდგომარეობა, ბიზნესის რეკეტი, მედიაზეწოლა, პირადი თვალთვალისა და შანტაჟის შემთხვევები. დასკვნა მომზადდა 800-მდე ახსნა-განმარტებითი განაცხადის, 139 პირის გამოკითხვის, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე. 47 სხდომიდან ერთი ხონის მე-13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართა. ცნობილია ისიც, რომ დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდება.