საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა - ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო

 დილიდან იმსჯელეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეებზე. „ლელოს“ ლიდერებმა პროცესები პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ გააპროტესტეს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და წევრები არ დაიკითხებიან.

ბრალდების მხარის პოზიციით, ამის აუცილებლობა არ არსებობს. ჯაფარიძე-ხაზარაძის პროცესებზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა თქვა და გამამტყუნებელი განაჩენი მოითხოვა. დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას 20 ივნისს იტყვის და შესაძლოა განაჩენიც გამოცხადდეს.

„ლელოს“ ლიდერებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედავებიან. მათ გირაო – 50 000 ლარი აქვთ შეფარდებული. აღნიშნული მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.