საფრანგეთში მოსწავლეთა ორგანიზაცია სკოლების ბლოკირების მოწოდებით გამოდის
საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები განახლდა. ორკვირიანი არდადეგების შემდეგ, პარიზში, ელენ ბუშეს სახელობის ლიცეუმთან, სასწავლო პროცესი კვლავ შეფერხებულია. დილიდან სასწავლებლის შესასვლელი მოსწავლეებმა ნაგვის კონტეინერებით გადაკეტეს. განათლების მინისტრმა დემონსტრანტებს მოუწოდა, მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების საშუალება მისცენ. მისი განცხადებით, პროტესტის გამოხატვა მოქალაქეთა უფლებაა, თუმცა, სხვებისთვის სკოლაში შესვლის შეზღუდვა უკანონოა.
ჟეფრემ სასწავლო პროცესის სრულფასოვან აღდგენას ხელისუფლების აბსოლუტური პრიორიტეტი უწოდა. მოსწავლეთა და სტუდენტთა ორგანიზაციები საპროტესტო მოძრაობის გაგრძელებას გეგმავენ. მათი მოწოდებით, სასწავლებლების ბლოკირება 3 ნოემბერსაც უნდა გაგრძელდეს. ახალი მობილიზაცია დაგეგმილია 5 ნოემბერსაც, როდესაც საფრანგეთში სხვადასხვა პროფესიული გაერთიანების საპროტესტო გამოსვლებია დაანონსებული.