საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები კიევში

გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერი უკრაინაში იმყოფებიან. ლიდერები ირპენს სტუმრობენ. მოინახულეს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული დასახლება, ნახეს ადგილზე არსებული ვითარება. ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინაში მატარებლით ჩავიდნენ. როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, მათ უკრაინაში ევროპის სოლიდარობის გზავნილი ჩაიტანეს. მოგვიანებით, ისინი გაემგზავრებიან კიევშიც, სადაც დაგეგმილია ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. როგორც „ბიბისი“ წერს, ირპენში ომის პერიოდში 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი. მიმდინარეობს გამოძიება რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი, შესაძლო ომის დანაშაულის ფაქტების დასადგენად.

კიევში ჩავიდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. შესაბამის ვიდეოს ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს. ამ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, რუმინეთის პრეზიდენტი საპორტო ქალაქ კონსტანცაში ემანუელ მაკრონს შეხვდა. ორმხრივი პრესკონფერენციის დროს, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.