საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება

მსოფლიო ლიდერები ისრაელის სამხრეთიდან კონფლიქტის გაფართოების საფრთხეზე საუბრობენ. კერძოდ, ესკალაციის საფრთხეა ლიბანის საზღვართან, ასევე დასავლეთ სანაპიროზე, სადაც გასული ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის ძალებმა ათობით პალესტინელი დააკავეს „ჰამასთან“ კავშირების გამო. შექმნილი ვითარების ფონზე, რეგიონულ ტურნეს მართავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ასევე, ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის ჩინეთი. ისრაელში იმყოფებოდნენ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები. მათი ვიზიტის დროს თელ-ავივში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რის გამოც ევროპელ ლიდერებს თავშესაფარში ჩასვლა მოუწიათ.

მსოფლიო ლიდერები ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებაც საუბრობენ. ჯო ბაიდენმა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრას პრიორიტეტული საკითხი უწოდა და ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უზრუნველყოფს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი თავის დასაცავად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კი თქვა, რომ 24 საათში ღაზის ჩრდილოეთ რაიონიდან ერთი მილიონი ადამიანის ევაკუაცია შეუძლებელია.