“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ხელისუფლების პიარღონისძიებებისა და რეკლამის მზარდი ხარჯების შესახებ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, ინფორმაცია 134 საჯარო უწყებიდან გამოითხოვეს და საკვლევი პერიოდი  2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით ვადას მოიცავს.

კვლევის მიხედვით, ამ პერიოდში საჯარო უწყებების მიერ პიარმომსახურებასა და რეკლამაში გადახდილმა თანხამ 110 მილიონ 650 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 98 მილიონ ლარზე მეტი  2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარისა და სარეკლამო  დანახარჯები მკვეთრად მზარდია. კვლევის მიხედვით, ყველაზე მზარდი ხარჯები 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას” სამთავრობო უწყებები, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია.