საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი

15:13, 23.06.2026

საბოტაჟის საქმეზე რვა ბრალდებული პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა, საუბარია გამომძიებელზე. პროკურორის თქმით, გამომძიებელმა პროცესზე აღნიშნა, რომ მან გაიგო, თუ როგორ მოუწოდებდნენ აქციაზე ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ. მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია დარბაზიდან გააძევა. ბრალდებულთა ნაწილი პროცესს არ დასწრებია.

გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნულ საქმეში ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი ერთი მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

მსგავსი