საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით ქართველები დააკავეს

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით ექვსი ქართველი დააკავეს, მათგან ერთი ქალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს. დაკავებულთა შესახებ ცნობები და ფოტოები საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. აქვეა ინფორმაცია დანაშაულში ორი სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებაც, რომლებიც ჯერ დაკავებულები არ არიან.

დაკავებულების სახლებისა და მანქანების ჩხრეკის შედეგად, ძვირადღირებული სამკაულები, ტექნიკა და სხვა ნივთებია ამოღებული. ადგილობრივ მედიაში განსხვავებული ცნობები ვრცელდება ქურდობათა რაოდენობისა და მოპარული ნივთების ღირებულების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულებმა ატიკის სხვადასხვა რაიონში 31 ქურდობა ჩაიდინეს. ისინი ქურდობისას, სახლების საკეტის გასაღებად სპეციალურ ინსტრუმენტებს იყენებდნენ და ინფორმაციას ძირითადად, სახლებში მომუშავე პერსონალისგან იღებდნენ.