რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა კიევი დაბომბა

კიევში ისევ აფეთქებების ხმა ისმის – ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ავრცელებს. აფეთქებებს კიევში ადასტურებს ტელეკომპანია „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის ჟურნალისტიც. აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ჩერკასკშიც. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი „ტვიტერში“ წერს, რომ დღეს კიევზე თავდასხმა კვლავაც მოსალოდნელია. უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო თავდასხმა დღეს დილითაც განხორციელდა. რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და რამდენიმე დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კიევზე სარაკეტო თავდასხმა კასპიის ზღვის საჰაერო სივრციდან მიიტანეს. უკრაინელი სამხედროების განმარტებით, გამოყენებული იყო ისეთი ტიპის რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 5 500 კილომეტრია. წინასწარი ცნობით, კიევის მიმართულებით დღეს 6-მდე რაკეტა გაუშვეს. ორი მათგანი უკრაინელებმა ჩამოაგდეს.